|
მონასტრის ისტორია
სამწუხაროდ, მონასტრის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია
არსებობს. მონასტრის ისტორიის შესახებ თავად ტაძრის დღევანდელი იერსახით
შეიძლება ვიმსჯელოთ. ამდენად უცვლელად გთავაზობთ 2008 წელს ბატონ ნოდარ
ბახტაძის (პროფესორი, არქეოლოგი) ხელმძღვანებლობით ჩატარებული არქეოლოგიური
გათხრის შედეგად მიღებულ დასკვნებს:
“ქციის ღმრთისმშობლის შობის მამათა
მონასტრის ტერიტორიაზე,მთავარი ეკლესიის შემოგარენში არქეოლოგიურ გათხრებს
ვაწარმოებდით 20.04.08-დან 21.05.08-მდე.
ამ პერიოდში არქეოლოგიურად შევისწავლეთ ეკლესიის მახლობლად, ძირითადად მის
აღმოსავლეთით და სამხრეთით მდებარე ისტორიული ნაგებობების ნაშთები, რომლებიც
გათხრების დაწყებამდე თითქმის სავსებით იყო დაფარული მიწის ფენით და რომელთა
არსებობაზე მიწის ზემოთ შემორჩენილი თითო-ოროლა ქვა თუ მიგვანიშნებდა. როგორც
გათხრების შედეგად გამოირკვა, ერთ-ერთი ამ ნაგებობათაგანი (ეკლესიის
სამხრეთ-აღმოსავლეთით მიმდებარე)აღმოჩნდა წაგრძელებული მართკუთხედის ფორმის
მარანი, რომლის შესასვლელის წინა ფართობზე განლაგებული იყო ასევე სამეურნეო
დანიშნულების ნაგებობა ჩრდილოეთის კედელზე მიდგმული წყლის რეზერვუარების
სისტემით. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში გაითხარა ეკლესიის
სამხრეთ-დასავლეით, 30-ოდე მეტრის დაშორებით მდებარე ორგანყოფილებიანი
საცხოვრებელი სენაკი.
მთლიანობაში, ჩატარებული გათხრების შედეგად მოპოვებული ნივთიერი მასალისა და
გამოვლენილი გეგმარებითი სტრუქტურის ანალიზი იმაზე მიგვანიშნებს, რომ აღნიშნული
საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების შექმნა ღმრთისმშობლის შობის ეკლესიის
აგების ხანას, VIII-IX საუკუნეებს დიდად არ ჩამორჩება და მათი ფუნქციონირება
XIII-XIV საუკუნეების ჩათვლით გრძელდებოდა. ასეთი მტკიცების საშუალებას
გვაძლევს ის გარემოება, რომ გათხრებისას მათ ინტერიერებსა თუ მიმდებარე
ფართებზე მივაკვლიეთ IX-დან XIV საუკუნემდე ქრონოლოგიური დიაპაზონის ნივთიერ
მასალას: ნაირგვარ მოუჭიქავ და მოჭიქულ თიხის საყოფაცხოვრებო ნაკეთობათა
ფრაგმენტებს, აგრეთვე განსხვავებული მასალისგან დამზადებულ რამდენიმე ნივთს.
გარდა დათარიღებისა, ეს მასალა საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის
მონასტერში იმხანად მიმდინარე საყოფაცხოვრებო-საკულტო პროცესების შესახებ.
ვფიქრობთ, რომ ეკლესიის ირგვლივ განფენილი ეს საყოფაცხოვრებო და სამეურნეო
ნაგებობანი თავდაპირველადვე მონასტრის შემადგენელ კომპონენტებს წარმოადგენდა.
გათხრისას დადასტურებული მარანი და რეზერვუარებიანი სათავსი მონაზონთა
ყოფა-ცხოვრებას ემსახურებოდა. ამ ნაგებობებში აღმოჩენილი დიდი და მცირე ზომის
ქვევრები, დერგები და ჩაფები სანოვაგის შესანახად გამოიყენებოდა. საკვების
მომზადებასა და მოხმარებას ემსახურებოდა იქვე დაფიქსირებული ნაირგვარი
ქვაბ-ქოთნები, კეცები, ქილები, დოქები, ჯამები, თასები. აღსანიშნავია, რომ ჩვენ
მიერ მიკვლეული ჭურჭლის მნიშვნელოვანი ნაწილი საკმაოდ მაღალი ხარისხის და
მხატვრული დონისაა _მაგ: მრავალფერად მოჭიქული ან მოხატული ჯამები და დოქები,
რაც მონასტრის განვითარებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე მეტყველებს, მისი
არსებობის თითქმის მთელი პერიოდის განმავლობაში.
როგორც გათხრებისას მოპოვებული ინფორმაციით გამოირკვა, მონასტერმა სასულიერო
მოღვაწეობის მწვერვალს XI-XII საუკუნეებში და XIII საუკუნის პირველ ნახევარში
მიაღწია. Mმეტ-ნაკლებად ინტენსიური ცხოვრება გრძელდებოდა XIII საუკუნის II
ნახევარსა და XIV საუკუნის I ნახევარშიც. ამ პერიოდის ნივთიერი მასალა
აგრძელებს საქართველოში ეკონომიკისა და კულტურის აყვავების აღნიშნული პერიოდის
ტრადიციებს, თუმცა ზოგიერთი სახეობის ნაკეთობათა შესრულების ოსტატობის დონე
კლებულობს.
მონასტერში ცხოვრება უეცრად შეწყვეტილა XIV-XV საუკუნეთა მიჯნაზე, მტრის
გამანადგურებელი შემოსევის შედეგად, რაც უთუოდ საქართველოში თემურ-ლენგის
ლაშქრობებს უკავშირდება _ მან ხომ არაერთხელ ააოხრა ქვემო ქართლის პროვინცია.
იმხანად მონასტრის ბრძოლით აღებაზე და გაჩანაგებაზე მეტყველებს დანგრეული
საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი, საფორტიფიკაციო სისტემები.
ამ ნანგრევებში დიდი რაოდენობით დადასტურდა დამსხვრეული თიხის ჭურჭელი და
მონღოლური ტიპის შურდულის ქვები (კვერცხისებური ფორმის, ეს ქვები საქართველოს
ყველა იმ ქალაქში, მონასტერში თუ ციხე-სიმაგრეში გვხვდება, რომელთა გაჩანაგებაც
თემურ-ლენგს უკავშირდება).
ამ ტრაგიკული მოვლენის შემდეგ, როგორც გათხრებისას გამოვლენილი სურათი
გვიჩვენებს, ამ კომპლექსის მიდამოებში არც საერო და არც სასულიერო ცხოვრება
დიდი ხნის განმავლობაში აღარ განახლებულა _ დაახ. 1,5 _ 2 საუკუნე დასჭირვებია
ამ მხარეში ქართული მოსახლეობის პოპულაციის მეტ-ნაკლები მასშტაბით განახლებას.
კონკრეტულად, ქციის ხეობის ამ ნამონასტრალის მახლობელ ტერიტორიაზე ამჯერად
სასოფლო ცხოვრება დაწყებულა. სოფლის მოსახლეობას უშუალოდ ეკლესიის შემოგარენი
არ აუთვისებია საცხოვრებლად _ მათ მხოლოდ თვით ეკლესია აღუდგენიათ და სოფლის
სამლოცველოდ უქცევიათ, მის გარშემო კი სოფლის სასაფლაო მოუწყვიათ (თვით სოფელი
ამ დროს, სავარაუდოდ, ეკლესიის აღმოსავლეთით 0.5 კმ-ზე მდებარე ხევისპირა
ტერასაზე იყო განაშენიანებული). იმაზე, რომ მონასტრის ფუნქციონირების
შეწყვეტასა და მის მიდამოებში ახალი, საერო დასახლების გაჩენას შორის
ხანგრძლივი ქრონოლოგიური ინტერვალი იყო, ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ამ ახალ
მოსახლეობას ყურადღებაც კი არ მიუქცევია ეკლესიის ირგვლივ თითქმის მთლიანად
კორდოვანი ფენით დაფარული ნაგებობათა ნაშთებისათვის და სამარხები ზედ ამ
შენობების ფარგლებში ჩაუჭრიათ, რითაც ამ ნაგებობათა კედლების მნიშვნელოვანი
ნაწილი გაუნადგურებიათ. როგორც ვხედავთ, მათ აქ ძველი განაშენიანების შესახებ
აღარაფერი სცოდნიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ შრომატევად საქმეს თავს
არიდებდნენ _ სამარხებს მოშორებით ან კედლებს შორის მოაწყობდნენ.
საანგარიშო პერიოდში ეკლესიის სამხრეთით მიმდებარე ტერიტორიაზე სულ 12 სამარხი
გაითხარა. აქ დაკრძალულნი ყოფილან როგორც მამაკაცები და ქალები, ასევე
ბავშვები (თუნდაც ეს გარემოება ამყარებს ჩვენს მოსაზრებას, რომ გვიან შუა
საუკუნეებში, XVII-XVIII საუკუნეებში აქ უკვე საერო ცხოვრება მიმდინარეობდა).
ოსტოლოგიური მასალის შესწავლის წინასწარი შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ
სოფლის მოსახლენი ძლიერი აღნაგობის იყვნენ, მაგრამ დიდი სიმაღლით არ
გამოირჩეოდნენ _ ზრდასრული მამაკაცების და ქალების საშუალო სიმაღლე 160-165 სმ
უნდა ყოფილიყო. ასევე ირკვევა, რომ ეს ადამიანები ღრმა მოხუცებულობას იშვიათად
აღწევდნენ _ კბილების მდგომარეობის მიხედვით, 9 ზრდასრული მიცვალებულისგან არც
ერთი არ უნდა ყოფილიყო დაახ. 40-55 წელზე მეტი ასაკისა. მათ შორის დიდი ყოფილა
ბავშვთა სიკვდილიანობა _ ისინი სავარაუდოდ ინფექციური დაავადებებისაგან
იღუპებოდნენ.
ამ ტერიტორიაზე სამარხების მოწყობის ხერხი მეტად პრიმიტიულია _ თითქმის ყველა
მიცვალებული (ერთის გარდა) უბრალოდ გაჭრილ ორმო-სამარხებში აღმოჩნდა
ჩასვენებული, მაშინ როდესაც საქართველოს მრავალ რეგიონში XVII-XVIII
საუკუნეებშიც კი ჯერ კიდევ კარგად იყო შემონახული განვითარებულ შუა საუკუნეებში
საყოველთაოდ მიღებული, მიცვალებულების კარგად გათლილი ქვის ფიცრებით შედგენილ
ე.წ. “ქვა-ყუთებში” დაკრძალვის წესი. ეს გარემოება აღნიშნულ სოფლის მცხოვრებთა
არცთუ მაღალ ეკონომიკურ შესაძლებლობაზე მეტყველებს, რაც XVII-XVIII საუკუნეებში
გარეშე მტრების შემოსევებისგან თუ შინა ომებისგან ფრიად დაუძლურებული
საქართველოს ამ რეგიონისთვის არცთუ მოულოდნელია.
მეორეს მხრივ, ქციის ღმრთისმშობლის შობის მამათა მონასტრის ეკლესიის მიმდებარე
ამ საკმაოდ მოზრდილი ფართობის გათხრამ დაგვანახვა, რომ ამ ეკლესიის გარშემო
განვითარებულ შუა საუკუნეებში სამაროვანი არ ყოფილა მოწყობილი. სამაგიეროდ,
რამდენიმე წლის წინ, ეკლესიის რესტავრაციის წინა არქეოლოგიური კვლევის შედეგად
დადასტურდა რომ ამ სამეკლესიიანი ბაზილიკის ჩრდილოეთის და სამხრეთის ეკვდერებში
საკმაოდ კარგად მოწყობილი, ქვით ნაგები და კირით მოლესილი ინდივიდუალური
სამარხები ყოფილა მოწყობილი. ასეთი აღნაგობის კრიპტები ჩვენთვის კარგადაა
ცნობილი საქართველოს ამ რეგიონის განვითარებული შუა საუკუნეების მონასტრების
მთავარ ეკლესიათა არქეოლოგიური კვლევის შედეგად. ეს გარემოებანი კიდევ ერთხელ
ადასტურებს ჩვენ მიერ ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ IX-XIV
საუკუნეებში ტაძარი მონასტრის კუთვნილება იყო _ ბუნებრივია, იმხანად არც ერთი
მონასტრის ეზოსა თუ ინტერიერებში მახლობელი სოფლების რიგითი მოსახლეობა არ
დაიმარხებოდა.
რაც შეეხება საანგარიშო სამუშაოებისას ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით შესწავლილ
ე.წ. “ორსენაკიან ნაგებობას”. გათხრის შედეგად გამოირკვა, რომ საერთო
ხუროთმოძღვრული გეგმარების და მიხედვით, მისი სახით საქმე გვაქვს საცხოვრებელ
ნაგებობასთან, რომლის წინა, მომცრო ოთახი დამხმარე-სამეურნეო დანიშნულებისაა,
მოზრდილი სათავსი კი უშუალოდ ადამიანთა სადგომი. მასში დადასტურებული
არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ ეს ნაგებობა X_XIV საუკუნეებში ყოფილა
აგებული და გამოყენებული. Mმისი ეკლესიის მახლობლად მდებარეობა გვაფიქრებინებს,
რომ ის ბერების საცხოვრებელ სენაკს წარმოადგენდა.
საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ საანგარიშო არქეოლოგიურმა სამუშაოებმა ქციის
ღმრთისმშობლის შობის მამათა მონასტრის ტერიტორიაზე, სავსებით გაამართლა
ძირითადი მიზანი _ დაგვედგინა მის ტერიტორიაზე არსებული ნაგებობების ფუნქცია და
ამით განგვესაზღვრა მათი თავდაპირველი დანიშნულებით ხელახალი გამოყენების
მიზანშეწონილობა. ჩატარებული სამუშაოების შედეგებმა დაგვარწმუნა, რომ სავსებით
მისაღებია მონასტრის მესვეურთა განზრახვა, ჩვენ მიერ არქეოლოგიურად
საფუძვლიანად შესწავლილ თითოეულ ზემოთ აღნიშნულ ნაგებობას პროფესიულ დონეზე
ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დაუბრუნდეს თავდაპირველი
ფუნქცია. |