Copyright © 2008
Designed by Archil Takniashvili

ინტერვიუ მღვდელმონაზონ დიონისესთან

ცოტამ თუ იცის, რომ დმანისის რაიონში, მდინარე ქცია-ხრამის ულამაზეს ხეობაში, ძველი მონასტრის ნაშთებზე ახლად აღდგენილი მამათა მონასტერი მდებარეობს. ამ მონასტრის მდებარეობა ადამიანს ეხმარება ღმერთის ჭვრეტასა და სულიერ ცხოვრებაში. ყველა იქ ჩასულ სტუმარს სურვილი უჩნდება კიდევ ერთხელ მაინც ესტუმროს მონასტერს, ცოტა ხნით განერიდოს ამქვეყნიურ ცხოვრებას და სულიერი თვალით დაინახოს საკუთარი თავი.
სულ ახლახანს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა. არა მარტო ამ თემაზე, არამედ სხვა სულიერ პრობლემებზე სასაუბროდ, შევხვდით მონასტრის წინამძღვარს, მღვდელმონაზონ დიონისე გვიმრაძეს:

მამაო, როგორ დაიწყო თქვენი საბერო მოღვაწეობა?

ტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, გადაწყვეტილი მქონდა მონასტრული ცხოვრება. მაშინ ჩემი მოძღვარი არქიმანდრიტი ზენონი თბილისის მთაწმინდაზე მდებარე წმ. დავით გარეჯელის ეკლესიის წინამძღვარი გახლდათ. ამავე პერიოდს დაემთხვა მისი სვეტიცხოვლის წინამძღვრად გადაყვანა. ეს დამატებით სტიმული გახდა მონასტრული ცხოვრების გზაზე. ასე რომ, 22 წლის ასაკში სვეტიცხოვლის მონასტერში ჩემი მონასტრული ცხოვრება დაიწყო. მორჩილებაში 2 წელი გავატარე. 2004 წელს არქიმანდრიტ ზენონის დმანისის ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ მასვე გადმოვყევი ახალ ეპარქიაში.  იმავე წელს დმანისის სიონში ეპისკოპოს ზენონის მიერ მოხდა ჩემი ბერად აღკვეცა, მცირე ხანში დიაკვნად და შემდეგ მღვდლად კურთხევა. ამავე წელს მსახურებისთვის მიმავლინეს სოფელ გომარეთში და მის მიმდებარე სოფლებში.

მამაო, იქნებ ორიოდ სიტყვით გვითხრათ, თუ რა მნიშვნელობა აქვს მონაზვნობას?

მონაზონი მთელ თავის ცხოვრებას, ძალისხმევას, შრომას, ენერგიას, საშუალებას სულიერ განვითარებასა და ღმერთისადმი სამსახურს უძღვნის. სულიერი განვითარება კი მოიპოვება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მონასტერში ცხოვრების შედეგად აცნობიერებს, თუ როგორ უნდა გაიაროს სულიერი საფეხურები. ხშირად შეიძლება უნაკლოდ აღვასრულოთ ის მოთხოვნები, რაც მონასტრულ ცხოვრებას შეეფერება, მაგრამ არ ხდებოდეს ამ სულიერი საფეხურების გაცნობიერება და გავლა. ჩვენ აქცენტს სწორედ სულიერი ცხოვრების შემეცნებაზე და განათლებაზე ვაკეთებთ. მაგალითად, მორჩილება უდიდესი სათნოებაა, მაგრამ იგი საშუალებაა თავმდაბლობის მოსაპოვებლად. მონაზონს უნდა ახასიათებდეს თავმდაბლობისკენ სწრაფვა, რაც თავისთავად სულიერებაში განვითარების საწინდარია. კითხვაზე, თუ რას ნიშნავს და როდის იწყება სულიერი განვითარება სხვადასხვაგვარი პასუხი არსებობს. მაგალითად, ზოგიერთის აზრით, ეს საკუთარი ცოდვების დანახვაში მდგომარეობს. თუმცა სხვები ფიქრობენ, რომ ამ პირობის მიუხედავად, მათში სულიერი განვითარება არ ხდება. იბადება ახალი კითხვა: მაშ რა პირობაა კიდევ საჭირო სულიერი განვითარებისათვის? წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ცოდვების დანახვასა და მათთან ბრძოლის დაწყებასთან ერთად საჭიროა ადამიანი მიხვდეს, რომ მარტო არ შეუძლია ცოდვებთან ბრძოლა. მას სჭირდება შემწე, რადგან ადამიანმა მაქსიმალურადაც რომ შეზღუდოს ცოდვები, ამით მაინც ვერ გამართლდება. წმინდა წერილი დავით წინასწარმეტყველის პირით გვიმოწმებს: “ყოველი კაცი ცრუ არს”. ამის გაცნობიერების შემდგომ ადამიანი ცოდვებთან ბრძოლაში თავის უსუსურებას ხედავს. რის გამოც იგი უფალთან უნდა მივიდეს, როგორც მშველელთან, მოწყალესთან და არა მსაჯულთან და განმკითხველთან. ამიტომაც მისგან უნდა ითხოვდეს შველას, წყალობას ცოდვებთან ბრძოლაში და, არა მხოლოდ სასჯელის აცილებას. ადამიანს შემწეობის მიღების იმედი უნდა ჰქონდეს. სულიერი განვითარება სწორედ მაშინ იწყება, როცა უფალთან ამგვარი დამოკიდებულება გვიყალიბდება. ამიტომ, ცოდვებთან ბრძოლაში რაც უფრო მეტად მივენდობით უფალს, მით უფრო წარმატებულები ვიქნებით. აქედან გამომდინარე, საკუთარი ცოდვების დანახვა არ არის საკმარისი პირობა თავმდაბლობაში წარმატებისათვის, თუკი, ამასთან ერთად, ადამიანი არ ეძებს ქრისტეს, როგორც მხსნელს.
მონაზონი პირველ რიგში მეცნიერი უნდა იყოს სულიერი ცხოვრების საქმეში. პირად გამოცდილებას უნდა ერთვოდეს განათლება და განსწავლულობა სულიერ ცხოვრებაში.

როგორ წარიმართა თქვენი მოღვაწეობა გომარეთის მხარეში?

თავდაპირველად დავსახლდით სოფელ სარკინეთში. იმ პერიოდისთვის დმანისის ეპარქიაში შემავალ გომარეთის პლატოსა და ქცია-ხრამის ხეობაში არცერთი ტაძარი არ იყო მოქმედი, მიუხედავად იმისა, რომ იმ მხარეში უამრავი ძველი ეკლესია-მონასტერია. მცირე აღდგენითი სამუშაოების შემდეგ, ღმერთის დახმარებით უკვე ერთი წლის თავზე სამი ტაძრის აღდგენა გახდა შესაძლებელი, ესენია გომარეთში წმინდა გიორგის, სარკინეთში ბასილი დიდის და განახლებაში დიმიტრი თესალონიკელის სახელობის ტაძრები. 2005 წელს, სამრევლო ტაძრებთან ერთად, მეუფე ზენონის ლოცვა-კურთხევით, სამონასტრო ცხოვრების აღორძინებაზეც დავიწყეთ ფიქრი. მრავალ არჩევანს შორის უპირატესობა მიენიჭა ქცია-ხრამის ხეობაში მდებარე მონასტერს. მონასტრის ტაძრის შესასვლელში იყო ასომთავრული წარწერა: “ესე სოფელი ქცია, მტერმა ვერ დააქცია.” სოფლისა და მდინარის სახელწოდებიდან გამომდინარე, მონასტერს ეწოდა ქციის ღმრთისშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერი.
სოფლებიდან სიშორისა და მატერიალური პრობლემების გამო საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა პირველი წლები. სამონასტრო კომპლექსში შემავალი ძირითადი ტაძარი (რომელიც გადმოცემით, ღვთისმშობლის შობის სახელობისა იყო), ნახევრად მიწითა და ხეებით იყო დაფარული, ფაქტობრივად არ ჩანდა და სახურავიც ჩამოქცეული დაგვხვდა. ტაძრის არსებობის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილმა იცოდა.
მოხდა ტაძრის გაწმენდა-გასუფთავება მიწის ფენისგან, გადახურვა, ეკლესიის გამშვენიერება და ხატებით შემკობა. ამ საქმეში უანგარო დახმარება გაგვიწია ადგილობრივმა მოსახლეობამ, თბილისიდან ჩამოსულმა მორწმუნეებმა და ბატონ ბიძინა ივანიშვილის ფონდმა.
აღდგენილი ტაძარი, იკურთხა 2006 წლის 21 სექტემბერს.
მონასტერში როდესაც გადავედით, იქ მხოლოდ ერთი სახლი დაგვხვდა. მოხდა წყლისა და ელექტროსადენების გაყვანა, თუმცა სასმელი წყლის პრობლემა მაინც დგას. ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ წყალი სასმელად უვარგისი აღმოჩნდა, ამიტომაც სასმელ წყალს მიმდებარე სოფლებიდან ვეზიდებით. გვაქვს მცირე მეურნეობაც, ფუტკრის რამდენიმე ოჯახი, გვყავს შინაური საქონელი. მონასტერში ხდება სანთლის დამზადება. მიწა ნაყოფიერია და კარგ მოსავალს იძლევა, ანუ სასიცოცხლო საშუალებები ნამდვილად არსებობს.
ახლა მონასტერში ორი ბერი ვართ: მე და მამა ხარიტონი, რომლის აღკვეცაც მოხდა 2008 წლის 9 მარტს მონასტრის ტაძარში.

როგორც ვიცით, ახლახანს მონასტერში არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა. რა დასკვნები იქნა გამოტანილი ამ სამუშაოების შედეგად?

მართლაც, ამა წლის აპრილ-მაისში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით, პროფესორმა ნოდარ ბახტაძემ არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად, მონასტრის ისტორიის შესახებ მდიდარი ცნობები მივიღეთ. ტაძარი მანამდეც VIII-IX სს. თარიღდებოდა. თუმცა, შეუსწავლელი იყო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, რის გამოც, დანამდვილებით ვერ ვიტყოდით, აქ ადრე მონასტერი იყო, თუ არა. არქეოლოგიურმა გათხრებმა აქ მონასტრის არსებობა დაადასტურა. არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ნივთიერი მასალა საკმაოდ მაღალი ხარისხისა და მხატვრული დონისაა, რაც სპეციალისტებს იმის მტკიცების საფუძველს აძლევს, რომ მონასტერი ეკონომიკურად საკმაოდ მაღალ დონეზე იყო თითქმის მთელი არსებობის განმავლობაში. მონასტერმა სასულიერო მოღვაწეობის მწვერვალს XI-XIII სს. მიაღწია. მონასტერში ცხოვრება უეცრად XIV-XV საუკუნეებში შეწყვეტილა, რაც უთუოდ თემურ-ლენგის შემოსევებს უკავშირდება. მან არაერთხელ ააოხრა ქვემო ქართლი. მონასტრის ბრძოლით აღებაზე და განადგურებაზე მეტყველებს დანგრეული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი და ამ ნაგებობებში აღმოჩენილი მონღოლური ტიპის შურდულის ქვები (კვერცხისებური ფორმის). ასეთი ქვები აღმოჩენილია ყველა იმ ქალაქში, ციხე-სიმაგრესა, თუ მონასტერში სადაც თემურ-ლენგმა შეაღწია. დიდი ხნის განმავლობაში ამ კომპლექსის მიდამოებში არც საერო და არც სასულიერო ცხოვრება არ განახლებულა. XV ს. შემდეგ, ტაძრიდან ნახევარი კილომეტრის მოშორებით სოფელი გაშენდა. უშუალოდ ეკლესიის შემოგარენის ათვისება მოსახლეობის მიერ არ მომხდარა. მხოლოდ ეკლესია აღუდგენიათ და მის გარშემო სასაფლაო მოუწყვიათ. როგორც ჩანს, ვერ შეუმჩნევიათ ძველი მონასტრის ნაშთები. სოფლის კვალი XVIII-XIX სს. ქრება.

როგორც ვიცით, თქვენს მონასტერს, სხვა სტუმრებთან ერთად, ყოფილი ნარკომომხმარებლებიც სტუმრობენ ხოლმე, რომელთაც ნარკოტიკზე ფსიქოლოგიური დამოკიდებულებისგან უნდათ თავის დაღწევა, რას გვეტყოდით ამის შესახებ?

ღვთის მადლით ბევრი შემთხვევა წარმატებით დასრულებულა. თითოეულს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება: ხდება მათი ლოცვაში, შრომაში ჩაბმა, ფიზიკური დატვირთვა, სხვადასხვა მორჩილებების შესრულება. მაგრამ მარტო ბრმა მორჩილება და ჩვენზე დამოკიდებულება შედეგს ვერ გამოიღებს. თავად უნდა გააცნობიერონ და დაინახონ თავიანთი მდგომარეობა და გამოსავლის გზა, რაც ხშირი საუბრებით არის შესაძლებელი.

იქნებ პრობლემებზეც გვესაუბრა?

მონასტერი გამორჩეული ადგილმდებარეობისაა: შემოსაზღვრულია ტყიანი მთებით, მყუდროა, მშვიდი, მიწა ნაყოფიერია, ჩამოედინება მდინარე, უახლოესი დასახლება 5 კილომეტრში მდებარეობს. ეს ყველაფერი ერთად განსაკუთრებულ გარემოს ქმნის მონასტრული ცხოვრებისათვის, თუმცა პრობლემები, რაც ახლად დაარსებული მონასტრისთვისაა დამახასიათებელი, მაინც არსებობს. მონასტერს ჰყავს სტუმრები, მაგრამ არა მუდმივი წევრები, რაც მონასტრის წინსვლას ნამდვილად უშლის ხელს. თუმცა მამა ხარიტონიც სტუმრად იყო ჩამობრძანებული და ახლა ჩვენი მონასტრის მუდმივი წევრი გახდა. ჩვენი მონასტრის მომლოცველობა თითქმის არ ხდება, მხოლოდ ჩვენი ახლობლები და მრევლის ნაწილი ახერხებს ჩამოსვლას. მთავარი მიზეზები ალბათ გზის გაუმართაობაა და ის, რომ მორწმუნეთა დიდი ნაწილი ამ მხარეს სათანადოდ არ იცნობს.

გარდა მონასტრისა, თქვენ მიმდებარე სოფლებშიც მსახურობთ. თუ შეიძლება მოგვიყევით ამ მსახურების შესახებ?

ყოველ შაბათ-კვირას და დიდ დღესასწაულებზე წირვა-ლოცვა ტარდება გომარეთის წმინდა გიორგის სახელობის XIII-XIV სს. ტაძარში. მრევლი არცთუ ისე დიდია. მის ძირითად ნაწილს ქალები შეადგენენ. მეზობელი სოფლებიდანაც უწევთ ადამიანებს წირვა-ლოცვაზე სიარული. მრევლის სიმცირის მიზეზი ალბათ ახალგაზრდობის გადინებით შეიძლება აიხსნას. ამ წლამდე ტაძარს მუდმივი სტიქაროსანი არ ჰყოლია. მგალობელ გოგონათა გუნდიც დაიშალა. ვცდილობთ ახალგაზრდების ჩაბმას და დასაქმებას საეკლესიო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ მიზანს ემსახურებოდა 2006 წელს დაარსებული სათემო კავშირი “გომარეთელი”. უკვე მესამე წელია ეწყობა სოფლის დღესასწაული “გომარეთობა”. ეს ძველი ტრადიციის გაცოცხლებაა. გადმოცემით “გომარეთის გიორგობა” აღინიშნებოდა სულთმოფენობას, როგორც სოფლისა და სოფელში არსებული წმინდა გიორგის ეკლესიის დღესასწაული. ამ დღეს, სადღესასწაულო წირვის შემდეგ იმართება კულტურული ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები. სოფლიდან წასული ადამიანები ცდილობენ ამ დღისთვის თავი მოიყარონ სოფელში. ვცდილობთ მათი პოტენციალის გამოყენებას სოფლის საკეთილდღეოდ. დღესასწაულის აღნიშვნაში თავისი წვლილი შეაქვს ადგილობრივ ხელისუფლებასაც.

რამდენიმე სიტყვით მომავალი გეგმების შესახებ?

მონასტერში ამჟამად მიმდინარეობს ძველი სენაკების აღდგენა. იმედი გვაქვს, რომ მონასტერს მეტნაკლებად მაინც დაუბრუნდება პირვანდელი სახე.
გრძელვადიან გეგმას რაც შეეხება, გვინდა ქციის მონასტერი სულიერების, განათლებისა და კულტურის კერად ვაქციოთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ამ მხარის სოციალურ-ეკონომიკურ და სულიერ განვითარებას. ამით შეჩერდება მიგრაციული პროცესები და ამ ძირძველ კუთხეში არ გაქრება ქართული კვალი.

მადლობას მოგახსენებთ საინტერესო საუბრისათვის.


ინტერვიუ გამოქვეყნდა გაზეთ “საპატრიარქოს უწყებანის” N. 22, 2008 წ. 19-25 ივნისი.

საუბარი ჩაიწერა სალომე ბაღაშვილმა.